ევროკომისიის კვლევა და საქართველო, როგორც უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანი. ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალურმა დირექტორატმა შეიმუშავა, ხაზგასმულია საქართველოს როლი - ქვეყანა როგორც "შუა დერეფნის" უალტერნატივო ღერძი, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. დოკუმენტში საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპული ქსელის პირდაპირ გაგრძელებად სახელდება. ნათქვამია, რომ საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება. სტრატეგიულ პრიორიტეტად დასახელებულია ანაკლიის პორტი. ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ კაბელზეც. ევროკომისიის მეტა-კვლევა საქართველოს განიხილავს, როგორც რეგიონულ ენერგეტიკულ-ციფრულ ჰაბს. აქცენტი კეთდება რამდენიმე მიმართულებაზე, ეს არის ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ციფრული სექტორი და დაკავშირებადობა, ენერგეტიკა, ე.წ. რბილი ინფრასტრუქტურა და სტანდარტები.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნებისმიერ ფიგურას დასავლეთში კარგად აქვს გააზრებული სტრატეგიული ფუნქცია და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა.
"ეს არის სტრატეგიული ფუნქცია ჩვენი ქვეყნის, რომელიც უნდა შევასრულოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დასავლეთთან სრულ კონფრონტაციაში ვიქნებით და აბსოლუტურად არავინ დაგველაპარაკება, ვერ შევასრულებთ ამ სტრატეგიული ფუნქციას - ამაზეა საუბარი, თორემ დარწმუნებული ვარ ყველას, მათ შორის ევროპელ ბიუროკრატებსაც, პოლიტიკურ ლიდერებსაც, ნებისმიერ ფიგურას დასავლეთში კარგად აქვს გააზრებული სტრატეგიული ფუნქცია და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის. რაც შეეხება მათ კრიტიკას, კრიტიკის ობიექტი არის ქვეყანა მისი პოლიტიკის გამო", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.




