თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიონით გაზრდასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის" თავდაცვის მიმართულება პრიორიტეტულია.
„ამის გამოხატულებაა ის, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და გავაუმჯობესოთ ის სოციალური პირობები, რომელიც თავდაცვის ძალების მესვეურებს აქვთ“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განმარტა, პირველ რიგში რესურსი მიემართება თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, კონკრეტული ნაწილი კი, - სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით.
მინისტრის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი ასევე, მიმართულია თავდაცვის უწყებაში არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და გრძელვადიან გეგმებზე, რაზეც მას ინტენსიური მუშაობა აქვს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან.
„ჩემთვის სასიამოვნოა იმ გუნდთან მუშაობა, რომელსაც კარგად ესმის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ რესურსების მიმართვის მნიშვნელობა, რომელიც მიემართება ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენ. იქნება გარკვეული სიახლეები, რომელიც უკავშირდება 2025 წელს და უფრო გრძელვადიან პერიოდს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.