ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აზიარებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ USAID-მა შექმნა „ფერადი რევოლუციების გლობალური ქსელი“, რომლის მაგალითად საქართველოა მოყვანილი.

სტატიის თანახმად, USAID ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო საზღვარგარეთ რეჟიმების შესაცვლელად.

„ჰუმანიტარული პროგრამების, კულტურული ინიციატივებისა და განვითარების პროექტების მიღმა გაცილებით უფრო მასშტაბური მიზანი იმალებოდა: მსოფლიოს მასშტაბით რეჟიმების ცვლილებისა და „ფერადი რევოლუციების“ მართვა“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის თანახმად, დაფინანსების მიმღებთა შორის იყვნენ მედიები, იურისტები, არჩევნების დამკვირვებლები, აქტივისტების საწვრთნელი პროგრამები და მმართველობითი მონაცემთა ბაზები. სტატიაში აღნიშნულია, რომ 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ამერიკულმა და ევროპულმა დაფინანსებამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში ხუთივე ეს შესაძლებლობა განავითარა. სტატიის თანახმად, საქართველო არის ქვეყანა, სადაც მთელი ეს პროცესი საჯაროდ განვითარდა, ამიტომ, სწორედ საქართველოშია შესაძლებელი მისი „კვალის მიდევნება“.

„USAID-მა და ევრაზიის ფონდმა დააფინანსეს „რუსთავი 2“, დამოუკიდებელი მაუწყებელი, რომელიც 2003 წლისთვის ოპოზიციის მთავარ მედიასაშუალებად იქცა. 1996 წელს დაარსებულმა „თავისუფლების ინსტიტუტმა“ შეიმუშავა საქართველოს სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა და აწარმოა ანტიკორუფციული კამპანიები. ISFED-მა, რომელიც 1995 წელს USAID-ისა და NED-ის დაფინანსებით დაარსდა, 3 000 საარჩევნო დამკვირვებელი გადაამზადა და პარალელურად ჩაატარა ხმების დათვლა საქართველოს ათ არჩევნებზე. NED-მა 3 მილიონი დოლარი დახარჯა სერბეთში Otpor-ზე, რომლის ტრენერებიც შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში – დაფინანსებული ღია საზოგადოების მიერ, Liberty Institute-ის ხელშეწყობით და გადაამზადეს სტუდენტური ჯგუფი სახელწოდებით „კმარა“. იგივე სახელმძღვანელო, იგივე შეკრული მუშტის ლოგო, სხვა ქვეყანა“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის თანახმად, ფონდის მიერ საქართველოში 16 ათასი პროექტი დაფინანსდა. სტატიის მიხედვით, 2003 წლის ნოემბერში ხუთივე ფაქტორმა ერთდროულად იმოქმედა. ISFED-ის ხმების პარალელურმა დათვლამ დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იყო. „რუსთავი 2“-მა მტკიცებულებები გაავრცელა. „კმარამ“ ქუჩები აავსო, „თავისუფლების ინსტიტუტმა“ კი, ორგანიზაციული ბაზა უზრუნველყო. სამი კვირის შემდეგ, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა.

„რევოლუციის შემდეგ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრები საქართველოს ხელისუფლებაში შევიდნენ: ბოკერია – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, სუბარი – სახალხო დამცველის პოსტზე, თარგამაძე – თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში, ვარძელაშვილი – იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, ჟვანია – საგარეო დაზვერვის სამსახურში, ხოლო მინაშვილი – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ. ეს ორგანიზაციები მხოლოდ მხარს არ უჭერდნენ გარდამავალ პერიოდს; ისინი თავად აკომპლექტებდნენ მას კადრებით“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, USASpending.gov-ის მონაცემებით, 2008-დან 2025 წლამდე USAID-მა საქართველოსთვის მილიარდზე მეტი დოლარი გამოყო. ხელშეკრულების აღწერილობებში პირდაპირ არის მითითებული, რომ ამ თანხიდან „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმმა“ (CEPPS)​ 26 მილიონი დოლარი მიიღო „საქართველოს არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობისთვის“.

სტატიის მიხედვით, ოცი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ წარადგინა კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების გამჟღავნებას ავალდებულებდა. იგივე ქსელი გააქტიურდა, რასაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პროტესტის მრავალჯერადი ტალღა მოჰყვა. ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რაც აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ ასე ახსნა: „სამოქალაქო საზოგადოება ქართული დემოკრატიის აბსოლუტური მფეთქავი გულია… ის საკმაოდ დიდწილად ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებაზეა დამოკიდებული“. საქართველოს მთავრობის პასუხი პირდაპირი იყო: უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2003 წლის ფერადი რევოლუცია მოაწყეს და იგივე ინფრასტრუქტურა კვლავ გააქტიურდა, როდესაც მთავრობამ სცადა, მათი გადამხდელი გაემჟღავნებინათ“, – აღნიშნულია სტატიაში.