საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„მართალია, ჩემი დღევანდელი გამოსვლა კონკრეტულ საკითხს, კერძოდ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს ეხება, მაგრამ ეს ურთიერთობები არსებული გეოპოლიტიკური სივრცის ერთიან ჭრილში უნდა დავინახოთ. მინდა, გამოვეხმაურო მთავარ დასმულ კითხვას, რატომ არ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტთან შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე და რატომ იზღუდება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს კონსტიტუციური ჩანაწერი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ. მოგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში. ერთობლივი განცხადება მიღებულია საქართველოს სწორედ კონსტიტუციის თანახმად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი პარლამენტთან წინასწარი შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტიდან. კონსტიტუცია თავად განსაზღვრავს მთავრობის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ფორმებს, რაც არ მოიცავს მსგავსი ტიპის განცხადებების წინასწარ შეთანხმების ვალდებულებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთობლივ განცხადებაში განსაზღვრული ოთხი მიმართულება – პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები და საერთაშორისო განზომილება სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საგარეო, ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებას.
ვისარგებლებ შემთხვევით და იმასაც მოგახსენებთ, რომ ბოლო წლებში გაფართოვდა ჩინეთთან სახელშეკრულებო ბაზა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ჩინეთის მხარესთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს მოეწოდება შესაბამისი დადგენილი წესით. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ მოახდინეთ დამატებით ისეთი ხელშეკრულებების და შეთანხმების რატიფიცირება, როგორიც არის საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრების და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება. მეორე გახლავთ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება.
მინდა, ასევე, შეგახსენოთ „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“ დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა, სადაც მითითებულია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. მათ შორის, წერია, რომ „გადაიდგმება ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს მეორე წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს. საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკის განვითარება“. ამით იმის თქმა მინდა, რომ ინფორმაცია პარლამენტს ყოველთვის მოეწოდება შესაბამისად და ის დოკუმენტები, რომლებიც საჭიროებენ პარლამენტის რატიფიცირებას, შესაბამისად შემოდის პარლამენტში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.