2023 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებს.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებისა და საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობაზე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ფორმირების საქმეში.