დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა რუსეთიდან გასულ კომპანიებზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, გიორგი ვაშაძის კითხვას.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას სურს, რომ რომელიმე კომპანია საქართველოში შემოვიდეს, ამისთვის სათავო ოფისებში მიმდინარეობს მუშაობა.
„დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი. ჩვენ თუ გვინდა, რომელიმე კომპანია შემოვიდეს საქართველოში, ვმუშაობთ მათ სათავო ოფისებში და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
გიორგი ვაშაძემ ილია დარჩიაშვილს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კითხვთ მიმართა: „თქვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩაატარეთ თუ არა რაიმე სამუშაო? რა სამუშაო ჩაატარეთ, რომ რუსეთიდან გასული კომპანიებიდან ერთი მაინც შემოგვეყვანა საქართველოში? რა სამუშაო გასწიეთ იმისთვის, რომ კონკრეტული ინვესტიციები, რომელიც რუსეთიდან გავიდა, რაღაცა მაინც შემოსულიყო, რომ რაღაც სიკეთე საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ყოფილიყო“.