ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ შეიძლება, პრეზიდენტი გაბლატავდა და როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა  საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში დაგეგმილ ვიზიტს, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის არ მიუმართავს.

„შერიგება უნდა ვითომ ღარიბაშვილთან? შეიძლება ასეთი ნაბიჯი იყოს? არ ვიცი. შეიძლება ის იყოს, როცა შერიგება გინდა ადამიანთან და რაღაცას იყენებ. ან ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, როდესაც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, პრინციპული ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ მოისყიდა „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, პრეზიდენტი გაბლატავდა და ზოგადად როგორც უნდა, ისე იქცევა აწი, რადგან მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე შეფასებით, მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით მხოლოდ დატუქსვას უნდა ველოდოთ.

„დატუქსვა, როგორც ერთხელ უკვე ვიხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. მგონი, ამის იქით არაფერს უნდა ველოდოთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ: სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და რომელსაც პრემიერი დაესწრება.

მისი თქმით, „ნებსით თუ უნებლიეთ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“.

„პირადად მე, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.