ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი - როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება, ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიდ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები.

„რაც შემეხება მე, რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ევროკავშირის თითოეულ ქვეყანაზე და არცერთმა არ შეიძლება უარი თქვას, ან შეეწინააღმდეგოს ამ საერთო გადაწყვეტილებას.

„14-15 დეკემბერს ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც ვიცით, ევროპული საბჭო იკრიბება და ამ საბჭომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. დღეს, რასაც ჩვენ ვზეიმობთ და რაც გვიხარია, არის ევროკომისიის რეკომენდაცია და ეს არის ძალიან დიდი ნაწილი საბოლოო გადაწყვეტილების. ეს რეკომენდაცია რომ არ ყოფილიყო, წინსვლა არ იქნებოდა დეკემბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ ჯერ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია [ევროკავშირის წევრ] თითოეულ ქვეყანაზე. არცერთმა არ შეიძლება რომ უარი თქვას ან შეეწინააღმდეგოს ამ საერთო გადაწყვეტილებას, ეს არის ევროკავშირის წესი, ამას პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ, მაგრამ არ უნდა დაველოდოთ ხელებდაკრეფილი, რა მოხდება.

ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ გამოხატულ ერთიან ნებაზეა დამოკიდებული. ეს არის, რასაც ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას ევროკავშირი, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანნი და ჩვენი ნება იყოს გამოხატული ერთიანად. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც აქამდე, ხვალაც ამ რამდენიმე კვირაში, რაც გვაშორებს იმ საბოლოო გადაწყვეტილებიდან, ამ საქმეში ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებულნი, პასუხისმგებლები და ყველანი ჩართული“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.