კონსტიტუციით 50 ოპოზიციონერს გვაქვს უფლება, საგამოძიებო კომისია შევქმნათ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის პარალელურად თუ ვინმე რაიმე აქტივობას განახორციელებს, ეს პროცესს დიდად არ დააზარალებს.

„ქართული ოცნება“ რის საჭიროებას ხედავს, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციით 50 ოპოზიციონერს გვაქვს უფლება, საგამოძიებო კომისია შევქმნათ. ამის პარალელურად თუ ვინმე რაიმე აქტივობას განახორციელებს, მაგალითად, იქნება ეს აქცია თუ საპროტესტო მოძრაობა, ან რაიმე მოთხოვნა, ეს მათი საქმეა. ამით არ მგონია პროცესი დიდად დაზარალდეს“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.