რუსეთთან ევროპისა და საქართველოს ქცევა ერთმანეთს შეადარა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.
მან მაგალითად ევროდეპუტატის მარიანა კალიურანდის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ სწორედ მისი განცხადებებია ანტიევროპული. „კალიურანდის განცხადება არის ანტიევროპული და ახლა ავხსნი რატომ: ევროპა ფრთხილობს რუსეთთან და უნდა კონფლიქტი თავიდან აირიდოს იმიტომ, რომ ეს თავისი მოქალაქეებისთვის არის ძალიან ცუდი და გასაგებია. ჩვენც ვფრთხილობთ და არ გვინდა კონფლიქტი რუსეთთან; არ დაგვავიწყდეს, ეს ხდება იმ ფონზე, რომ ევროპას აქვს ევროკავშირი და ნატოს ქოლგა, ჩვენ ეს ქოლგა არ გვიცავს; ევროპა ამბობს - რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე უარს ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს სჭირდება ეს. ანალოგიურად ვამბობთ ჩვენც.
სადაა მაშინ აცდენა ევროპის საგაო კურსსა და ჩვენს კურსს შორის? არ არის აცდენა, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ეს კანდიდატის სტატუსი დამოკლეს მახვილივით რომ დაკიდეს საქართველოს, განსაკუთრებით შარშან, ახლა გაჟღერდა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება თურმე ჩვენთვის არის პრობლემაო. ჩერგოლეიშვილმაც ხომ იგივე თქვა, რა გვეშველებაო, ჩვენ ოპოზიციას გვირთულებს საქმესო,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა თავისი მიზნები და სურვილები. „რეალურად გამოჩნდა, რომ ოპოზიცია მისი პატრონების სახით იბრძოდა რევოლუციური სცენარების მოწყობისთვის. ამიტომაცაა, როცა საუბარია დათქმებზე, იქ ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა მოხდეს ბრძოლა. დეზინფორმაცია კი რაა, რაც კალიურანდიმ და კუბილიუსმა თქვეს, კანონი დაარღვიეთ და სააკაშვილი გამოუშვით, თუ გინდათ სტატუსის მიღებაო; დაიწყეთ მეორე ფრონტი აფხაზეთში; ჩაატარეთ პრაიდი. ამაზე ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს მიუღებელია, ისინი კი გვიმტკიცებდნენ, აბა როგორ გინდათ ევროპაო. ისინი ცდილობენ ევროპა, ევროპული ღირებულება უკუღმა შეასაღონ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ „ხალხის ძალა“ ვიბრძვით ამის წინააღმდეგ, რომ პირიქით არ მოხდეს ეს და პირველ ეტაპზე მივაღწიეთ კიდეც შედეგს,“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.