განსაკუთრებით ბოლო წლებში, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაა, რომ „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაახლოებული „ენჯეოების“ სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა არ კმაყოფილდება. მათ მიღებაზე ზოგს თავიდანვე უარს ეუბნებიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა იმ პირთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილებები და შემდგომ ეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გასაჩივრდა, სტრასბურგის სასამართლომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ დააკმაყოფილა.

„ამ შემთხვევაში, არჩევნებთან დაკავშირებით რაზეც საია საუბრობს, ვიცით, რომ მოთხოვნა იყო, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მყისიერად მოეხდინა სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს არჩევნების შედეგების შეჩერება და გაუქმება, რაზეც სასამართლომ არც კი იმსჯელა და მყისიერად უარი უთხრა. შემდეგ დაიწყო ძირითადი განხილვა.

ახლა საუბარია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ძირითადი საქმის განხილვა უნდა დაიწყოს. თუ გადავხედავთ პრაქტიკას, ყველასი, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების სარჩელი, მაგალითად, როდესაც სარჩელი შევიდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, გვარამიამ წააგო, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებითაც წააგეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა. ყველა იმ პირთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილებები და შემდგომ ეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გასაჩივრდა, სტრასბურგის სასამართლომ სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა არ დააკმაყოფილა. პირიქით დაკმაყოფილდა ისეთი სარჩელები, სადაც სამწუხაროდ, დღევანდელ სახელმწიფოს და ხალხს მოუწია თანხების გადახდა იმის გამო, რაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეები დააზარალა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩვენების შედეგების გაუქმება არ არის.

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, მომჩივნების ნაწილი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ითხოვდა საპარლამენტო არევნების შედეგების შეჩერებას, თუმცა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.