საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რაც უფრო ახლოვდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ალბათობა, მით უფრო დაბალია რადიკალური პროცესების ტემპერატურა ქვეყანაში.
„ფაქტია, რომ რაც უფრო ახლოვდება კანდიდატის სტატუსის მიღების ალბათობა, მით უფრო დაბალია რადიკალური პროცესების ტემპერატურა. პარტნიორებს სწორედ ამას ვეუბნებოდით, რომ სტატუსის მიღება დეპოლარიზაციას შეუწყობდა ხელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობამ ვეტო უნდა დაძლიოს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „პრეზიდენტმა საკონსტიტუციო მოწყობაზე უარი თქვა და ამ სივრციდან საერთოდ გავიდა, ხელისუფლებას მოუწია, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ნაცვლად აიღოს“.
„პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე როცა უარს ამბობს და ხელს არ აწერს კანონს, ბუნებრივია, ჩვენ ვეტოს დაძლევა გვიწევს. ვეტოს ყველა შემთხვევაში დავძლევთ.“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.