"რეფორმების ოთხი ტალღა ჩატარდა. მათ შორის, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ბევრი პროცედურა გავიარეთ - კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა. ამ რეფორმებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მხრიდან პოზიტიური გზავნილები იყო. ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღარ ცნობენ, - აცხადებს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი
ის, ჟურნალისტებთან საუბრისას, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, სუვერენულ სახელმწიფოში, მართლმსაჯულების კონტროლის უფლება არავის აქვს.
"თურმე, არასამთავრობო სექტორი, ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოება“, რომელიც ძირითადად უცხოეთიდან ფინანსდება, მართლმსაჯულებას თავისი სურვილით უნდა აკონტროლებდეს, უნდა ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს მოსამართლეს - ჩვენს შემთხვევაში, მაგალითად, გიორგი მშვენიერაძე, რომელიც მოსამართლის შეფასებაში თურმე ობიექტური იქნება - იგი სულ რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური მანტიით იდგა პოლიტიკურ სცენაზე და ხელისუფლებას წალეკვით ემუქრებოდა - ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ასეთი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოდნავ მაინც ობიექტურები იქნებიან მოსამართლეების დანიშვნის დროს? არ მგონია, საქართველოში ასეთი ადამიანი ვინმე მოიპოვებოდეს. შესაბამისად, როდესაც დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ხელისუფლების მესამე შტო - მართლმსაჯულება - დამოუკიდებელი უნდა იყოს. რეფორმების ოთხი ტალღა ჩატარდა, უცხოელ პარტნიორებთან ერთად ბევრი პროცედურა გავიარეთ, კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, ვენეციის კომისიის მხრიდანაც პოზიტიური გზავნილები იყო ამ რეფორმებთან დაკავშირებით - ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, აღარ ცნობენ და მეტიც, საელჩომ, რომელიც ცნობილი მაგალითი იყო მოსამართლის დაბარებასთან დაკავშირებით, ასეთი სიტყვებიც კი თქვა, მათ ფული გადაიხადეს იმაში, რომ ეს რეფორმები ჩატარებულიყოო.
როგორც ჩანს, მათი პრინციპი ასეთია - ვინც ფულს იხდის, ის უკვეთს მუსიკას და მოსამართლეებიც მან უნდა დანიშნოს. სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არცერთი შტოს წარმომადგენლობა არც უნდა ინიშნებოდეს და არც რამე გავლენა უნდა იყოს შიდა, თუ უცხოელი ძალების მხრიდან, მით უფრო, მართლმსაჯულებაზე“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.