სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა.
როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველა კითხვას უპასუხა.
„შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით და არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს“, – განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძის გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე. მათივე სურვილით, ისინიც სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.
სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა.









