ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა დაადასტუროს, ის რაც თქვა. ხანგრძლივ ბრძოლას ვაპირებ, არ მოვეშვები - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ამ ზნედაცემულ სასამართლოშიც კი შევიტან სარჩელს და მოვუგებ, არ მოვეშვები. ღარიბაშვილმა უნდა დაადასტუროს, ის რაც თქვა და რა ფოკუსები უნდა ჩაატარონ ახლა, რომ ის დაადასტურონ, რაც არ მომხდარა. ალბათ, დროში გაწელავენ, მაგრამ არაუშავს, ხანგრძლივ ბრძოლას ვაპირებ. ღარიბაშვილი დღეს პრემიერ მინისტრია, ხვალ ისევ იმ „ბაგაზე“ მიაბამენ, რა „ბაგაზედაც“ იყო დაბმული, მაინც არ მოვეშვები ღარიბაშვილს“,- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით განაცხადა: „ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი იყო ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. გახსოვთ ამის თაობაზე. ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორც მიეყიდა სააკაშვილს. ასი ათას დოლარად გაყიდული არის ეს კაცი, რომ იცოდეთ თქვენ, ყველამ“.