ჩემდა სამწუხაროდ, უნდა განვაცხადო, რომ ეს ქალბატონი ვერ შედგა ამ ქვეყნის მოქალაქედ. ეს არის მისი ყველაზე დიდი ტრაგედია, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ის დაიკარგა სადღაც საფრანგეთსა და საქართველოს შორის. აღარც ევროპელია, აღარც ქართველია, გაუგებარ მდგომარეობაში აღმოჩნდა, იმიტომ რომ ევროპელი პოლიტიკოსები კონსტიტუციას არ არღვევენ. მით უმეტეს, არ არღვევენ ისე ცინიკურად, როგორც ის აკეთებს. არ არღვევენ ამომრჩევლის ნებას, არ მიდიან საკუთარი ამომრჩევლების წინააღმდეგ. ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ადამიანის, პოლიტიკოსის სრული დეგრადირების ძალიან მძიმე სურათი. მას ავიწყდება, რომ არის ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ქვეყნის, კონსტიტუციის სიმბოლო. რაღაც პიროვნულ ვნებებს არის გადაყოლებული და ჩვენ ამის მომსწრენი ვართ“, - განაცხადა ხაინდრავამ.

ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა და მის იმპიჩმენტს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დაუჭერს, თუ ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს.

„წარმოგიდგენიათ, რომ სააკაშვილი დარჩეს ციხეში, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების შესაძლებლობა აქვს და ამავდროულად ამის მერე სალომე ზურაბიშვილი დარჩეს პრეზიდენტად? თუ სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა ამ პროცედურამდე სააკაშვილი, იმპიჩმენტი გარდაუვალია,“ - მიიჩნევს ხაინდრავა.