"გირჩის" წევრი გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება 8 წლით გაუშვა ადამიანი ციხეში ნარკოტიკებისთვის, როდესაც სამი ადამიანის დამჭრელს ციხიდან უშვებ. ამის შესახებ ხაჩიძემ გუშინ, პარლამენტთან, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

"ერთი კვირის განმავლობაში სამი ადამიანის დამჭრელი და პოტენციურად მკვლელი გარეთ გამოუშვეს და ბახალა გუშინ 8 წლით გაუშვეს ციხეში, რის გამო, ვის მიაყენა ზიანი კაცმა არ იცის. ეს შეუძლებელია, რაღაც დროის შემდეგ მომავალი თაობები, ჩვენ თვითონ გაგვეცინება როგორ ავიგდეთ ასე თავი რაღაცების გამო",- აცხადებს ხაჩიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, 2017 წლის 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს ("ბახალას") აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 20 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" პუნქტით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, "ბახალა" პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, რის გამოც მთავარ პროკურატურაში პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია.