განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს, ილია მუშკუდიანს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს. ილია მუშკუდიანმა დეპუტატებს თავისი მანდატის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო გეგმები გააცნო
.

„ილია მუშკუდიანი ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის -,,საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ - გამარჯვებულია. საგრანტო კონკურსი პროგრამის „გაერო-ში ახალგაზრდა დელეგატები“ ნაწილია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლა, სადაც  საერთაშორისო ტრიბუნიდან ილია მუშკუდიანი ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ხორციელდება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გივი მიქანაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ ილია მუშკუდიანს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაში კომიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი და გაერო-ში ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი ნოდარ ბოკერია.