საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, "დებატების" ეთერში, დიპლომატის უფლებამოსილებასა და იმ საზღვრებზე საუბრობს, რომელიც, ჯერ კიდევ 1961 წელს, ვენის კონვენციამ განსაზღვრა.
"ყველაზე მთავარი, რასაც ელჩი და დიპლომატი უნდა ემსახურებოდეს, ეს არის თანამშრომლობა, ხიდების მშენებლობა და მეგობრობა.
ეს არის უმთავრესი, რაც დიპლომატს მოეთხოვება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ელჩს აკისრია მრავალი ფუნქცია: ის წარადგენს თავის ხელისუფლებას, ხალხსა და ქვეყანას. ამასთან ერთად, მას ევალება ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, თუ რა ხდება მასპინძელ ქვეყანაში, შეხვდეს უსაფრთხოების გუნდს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დიალოგის წარმართვაა, რადგან სიტყვა დიპლომატის მთავარი იარაღია. როდესაც ელჩი უცხო ქვეყანაშია მივლინებული, მისი მთავარი პარტნიორი საგარეო საქმეთა სამინისტროა. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ღიაა ყველა აკრედიტებული დიპლომატისთვის - ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა მათთან, მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ კრიტიკასა და მოსაზრებებს და, ამავდროულად, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
რაც შეეხება ზღვარს კომპეტენციასა და შიდა საქმეებში ჩარევას შორის - ამას არცერთი მთავრობა და ხელისუფლება არ აწესებს. ამას ზუსტად განსაზღვრავს 1961 წლის ვენის კონვენცია, სადაც ნათლად არის ჩაწერილი, რომ დიპლომატს არ აქვს უფლება, ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში," - აცხადებს ზურაბაშვილი.




