ნიკა გვარამია ცდილობს, თუკი ვინმეს არ მოსწონს ხაბეიშვილი ან მელია, ეს ნაწილი წამოიყვანოს „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებისა, ისინი რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობას“ ორი ლუზერი პოლიტიკოსი მართავდეს, - განაცხადა ოპოზიციის გეგმების შესახებ საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

"ამ გაყოფით ვერაფერს მიაღწევენ, რადგან პოზიცია ერთნაირი აქვთ.

რაც შეეხება გიგი უგულავას, თავისი როლი ჩამოაყალიბა, როგორც მაღალ ხმაზე მოღრიალე მომიტინგედ. ერთი პერიოდი საერთოდ ჩამოწერა სააკაშვილი, ახლა კი ფაქტია, ცდილობს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში გაერთიანებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციამ მზადება დაიწყო. ვინ სად და ვისთან შეიძლება გაერთიანდეს, ჯერ დეტალები უცნობია, თუმცა მთავარი მოწოდებაა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. მათ რიგებშია გიგი უგულავა, რომელიც ერთიანობაზე საუბრობს. არ არის გამორიცხული პოლიტიკაში ოფიციალურად გადაინაცვლოს ნიკა გვარამიამ.

ნიკა მელიას და მისი გუნდის პოლიტიკური მომავალი კი, დიდი ალბათობით, 7 ოქტომბრის შემდეგ გაირკვევა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ახალ პლატფორმას დააფუძნებს.