დარწმუნებული ვარ, აშშ-ს ახალი ელჩი, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი, იმ ინსტრუქციას მიიღებს, რომელიც საქართველოს სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი და არა რევოლუციური პროცესების განვითარებისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩვენ პასუხისმგებელიანი ხელისუფლება ვართ და გვყავს უპასუხისმგებლო კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც არაფერს მართავს და დარწმუნებულია, რომ რევოლუციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვა. ეს ფორმულა დახვდება ამერიკის ახალ ელჩს. იცოდეთ, რომ არავითარი ელჩის პირადი დამოკიდებულება არ არის, თუ არ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია. ბოლო მდგომარეობის ანალიზი უნდა აძლევდეს ჭკვიან პოლიტიკოსებს, ვაშინგტონში იქნება ეს თუ ჩვენს მოკავშირე სხვა ქვეყნებში, რამდენიმე დასკვნის წინაპირობას: პირველი - საქართველო თავისი საგარეო კურსისთვის არასდროს უღალატია და მეორე - დესტაბილიზაცია ხელს ვის აძლევს გადახედონ - ეს არის მთავარი ფორმულები, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს ვაშინგტონმა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.