მივესალმები ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, რომ ზოგადად დიდი ერთიანობით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას. ახლა, ღონისძიების პარალელურად ჭავჭავაძიდან მოვდივარ, იქაც ბევრი ხალხია, ეროვნული ერთიანობა იქ არის, ეს ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ, რომ ქვეყნის დიდი აღმშენებლობა დავიწყოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს ყველა მთავრობას იმის შესახებ, რომ რასაც აკეთებს და ეს უნდა გააკეთოს, არა ისე, როგორც ახლა „ქართული ოცნება“ იქცევა, რადგანაც ვაშაძის შეფასებით, მმართველ პარტიას ერთი დაპირებაც არ შეუსრულებია.
ვაშაძის თქმით, ქარტიის დოკუმენტზე ხელმოწერით ვალდებულება უნდა აიღონ.
„ამიტომ, ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ვალდებულება უნდა ავიღოთ, რომ იმ რეფორმებს, რაც ხალხს უნდა, ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანებისთვის უმოკლეს ვადაში შევასრულებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
მან ასევე უპასუხა კითხვას, თუ რამდენად პერსპექტიულად უყურებს საერთო სიებს.
„ჯერ, პირველი ნაბიჯები იდგმება ერთიანობისკენ, დანარჩენს უკვე დრო გვაჩვენებს. რაც უფრო ღრმა იქნება ერთიანობა, მით უფრო უკეთესია იმისათვის, რომ რუსული რეჟიმისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.