კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არ იცის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე წარადგენს ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას, თუ არჩევნების შემდეგ.

როგორც ვაშაძემ "დღის კურიერში" აღნიშნა, ქარტიის ხელმომწერები ერთად განიხილავენ წარდგენილ კანდიდატებს და მიიღებენ შეჯერებულ გადაწყვეტილებას.

"მე არ ვიცი, ეს სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია. ჩვენ ვართ ქართული ქარტიის ერთგული მთელ მის შინაარსში, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ - როცა არ უნდა დასახელდეს ეს ადამიანები, ყველა განვიხილავთ და აბსოლუტურად შეჯერებული პოზიციები გვექნება. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმ პროცესს, რაც ჩვენ უნდა გავიაროთ არჩევნების შემდგომ, რადგან ძალიან ბევრი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი - სწრაფად უნდა ამოვქაჩოთ ის უკუსვლა, რაც განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე "ქართული ოცნების" მხრიდან არის. ხომ ხედავთ - ევროკავშირმა 125 მილიონიანი დახმარება შეგვიწყვიტა, აშშ-მა - 95 მილიონიანი, საფრანგეთმა, გერმანიამ, ყველამ შეწყვიტა ურთიერთობა "ქართულ ოცნებასთან".

ჩვენი უპირობო მხარდაჭერა აქვს ევროინტეგრაციას, იმ ვალდებულებების და პირობების შესრულებას, რასაც ჩვენ ხალხს ვეუბნებით, რომ საპენსიო სესხი ჩამოიწერება, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება, - ეს ყველაფერი ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვამბობთ, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე კარგი არჩევანია ამ არჩევნებში, რადგან ყველაზე სწრაფად ჩვენ მოგცემთ ევროკავშირის პასპორტს, ყველაზე სწრაფად, უვიზოდ ჩვენ ჩაგიყვანთ აშშ-ში, ყველაზე სწრაფად 14 მილიარდიან ფონდს საქართველოში ავამოქმედებთ ჩვენ.

[რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებულ ტექნიკურ მთავრობას], განვიხილავთ, რასაც შემოგვთავაზებს [პრეზიდენტი]. სახელები და გვარები როცა არ ვიცით, წინასწარ არასერიოზული იქნება მე გითხრათ, რომ მხარს დავუჭერ იმას, რაც არ ვიცი. არცერთ კანდიდატურაზე საუბარი არ დადასტურებულა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.