ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივა, რომელიც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას ეხება. ჩვენს თანამემამულეებს საკონსტიტუციო უფლების რეალიზების საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ მათ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ინიციატივას ორი მიმართულება აქვს: ერთია არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობა და მეორეა საარჩევნო უბნების მაქსიმალურად გაზრდა, რადგან ქალაქებში, სადაც ასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას და მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს არის ინიციატივა, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ. მზად ვართ, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებაში და კანონპროექტი მომზადდეს, როგორ მიეცეთ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს უნდა მივმართოთ, რომ მათი საშუალებით ის ელექტრონული სისტემა შეიქმნას, რომელიც დაცული და უსაფრთხო იქნება, მოქალაქეებს კი ხმის დაფიქსირების საშუალება ონლაინ ექნებათ. ესტონეთს კარგი გამოცდილება აქვს და ამის გამოყენება შეგვიძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ემიგრანტებს საქართველოს ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ. მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულეა, ვისაც ხმის მიცემის საშუალება უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.