ბატონო ლევან [დავითაშვილი], ამ ეკონომიკურ ციფრებზე რომ საუბრობთ, თქვენ სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ხომ არ ხართ? - ამ კითხვით მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს.
„სამწუხაროდ, რაც ხდება, ქვეყანაში არსებულ რეალობას მთლიანად აცდენილია. კითხვა არის, რატომ არის ასეთი უმუშევრობა, რატომ გარბის ქვეყნიდან ამდენი ადამიანი, რატომ იზრდება ასე კატასტროფულად ფასები, ვინ აგებს პასუხს ამ ყველაფერზე. რატომ გვაქვს დემოგრაფიული კატასტროფა ქვეყანაში, რატომ შემცირდა ასე კატასტროფულად შობადობა, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული და ფაქტობრივად, დემოგრაფიული გენოციდი არის ქვეყანაში. არ შეიძლება ასე სწრაფ-სწრაფად ოთხი მინისტრი დროზე გავატაროთ. ეს არ არის ხალხთან ანგარიშვალდებულება. პარლამენტი საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ხალხის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. ბატონო ლევან, [დავითაშვილი] ამ ეკონომიკურ ციფრებზე რომ საუბრობთ, თქვენ სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ხომ არ ხართ? კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში. თქვენი შემოსავალი ყოველთვიურად რომ იყოს 211 ლარი, როგორც არის დღეს საშუალოდ საქართველოში, ჩათვლიდით, რომ კარგად ცხოვრობთ? თქვენ და თქვენს ოჯახს ეს შემოსავალი დააკმაყოფილებდა? ამაზე გამეცით პასუხი. 408 ლარზე ცხოვრობს ერთი ადამიანი ქვეყანაში, ეს ნორმალურია? თუ ამხელა ზრდაა ქვეყანაში, რატომ არაფერი იცვლება? იმიტომ, რომ ელიტისთვის ყველაფერი არის და ხალხისთვის არაფერი. 300 ათასამდე ადამიანი სამუშაო ადგილს ეძებს. სად და საქართველოში, ჩაიხედეთ ციფრებში. ხალხმა სიმწრისგან აღარ იცის სად წავიდეს. შიმშილის გამო, ასობით ათასი ადამიანი ქვეყანას ტოვებს. ფინანსთა მინისტრს მინდა ვკითხო, ნახევარი მილიარდი ლარი ჯარიმების სახით უკვე შემოვიდა ბიუჯეტში, 1000 ლარი, 2 ათასი, 3 ათასი ლარი, ეს ხომ პატიმრობაზე უარესია. ადამიანებს შემოსავალი არ აქვთ და ათასობით ლარით აჯარიმებთ. ანუ, კაბალურ პირობებში ცხოვრობს ქვეყანა“,- განაცხადა ვაშაძემ.