ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.

ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციის უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი (PC-FIMI) ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ინფორმაციის გაზიარებას მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 15 აპრილის ჩათვლით სთხოვს.

როგორც ცნობილია, შესაბამისი დოკუმენტი ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას გაეგზავნა.

ევროპის საბჭოს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი ისეთ საკითხებს იკვლევს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მედიის კონცენტრაცია და მიტაცება, მედიის თავისუფლება, ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და კორუფცია.

"ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაძლო შემუშავების მიზანშეწონილობის კვლევა უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) შესახებ, მათ შორის დეზინფორმაციის, რომელიც იკვლევს გამოწვევებს არჩევნებში ჩარევასთან, მედიის კონცენტრაციასა და მიტაცებასთან, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან, კორუფციასთან, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით. ეს კვლევა განიხილავს სამართლებრივ გამოწვევებსა და ხარვეზებს FIMI-სთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებების კრიმინალიზაციის მხრივ და განსაზღვრავს შესაძლო მიდგომებს პრევენციის, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო ზომების შესახებ დეზინფორმაციასა და FIMI-ზე, მათ შორის დეზინფორმაციაზე", – წერია დოკუმენტში.

აღნიშნული თხოვნით წერილი ევროსაბჭოსგან მიიღო საქართველომაც, როგორც ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ.