როდესაც მეორე მხარეს ამოქმედებულია რუსეთის ძალისმიერი ბერკეტი, ამის დაბალანსება რეზოლუციებით არ ხდება - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ნაკლებად მახსენდება რეზოლუციით შეცვლილი პროცესები. არც მაქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“, როდესაც ასე ღრმად შევიდა ანტიევროპული სახელმწიფოს, ანტიქართული სახელმწიფოს, პრორუსული სახელმწიფოს მშენებლობაში, რეზოლუცია რამეს შეცვლის. რეზოლუცია არის მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რაღაც ღირებულებები. ვისთვისაც ღირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. დიდი ხანია, ვერ ვაკვირდები მმართველ გუნდში ასეთ სენტიმენტს.
რეზოლუცია შეიძლება იყოს წინაპირობა , იმათთვის, ვინც რეალური ძალის მატარებელია და ასეთი არის ორი: ერთია ქართული საზოგადოება, რომელმაც ტრაგედია არ უნდა დაუშვას; მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობის ის აქტორები, რომლებიც წარმოადგენენ ძალის ცენტრებს.
არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილისთვის ან მისი ნების შემსრულებლებისთვის ევროპული პერსპექტივა მნიშვნელოვანია. როდესაც მეორე მხარეს ამოქმედებულია რუსეთის ძალისმიერი ბერკეტი, ამის დაბალანსება რეზოლუციებით არ ხდება. ამის დაბალანსება ხდება რუსეთზე ათასზე ძლიერი ძალის ცენტრებიდან. ამ რეზოლუციების და პოლიტიკოსების უკან დგას, მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა და ასევე ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.