დეკანოზს ბევრი სალაპარაკო აქვს, როგორც სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, ასევე საპატრიარქოსთან დაკავშირებით,- ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„დეკანოზი იყო უკანონო პატიმარი, ეს დადასტურდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ითქვა, რომ დეკანოზის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის იყო უკანონო პატიმარი. დეკანოზს ბევრი სალაპარაკო აქვს, როგორც სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, ასევე საპატრიარქოსთან დაკავშირებით.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო გიორგი მამალაძე უკანონო პატიმარი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო მეუფე დიმიტრი და დიდწილად მეუფე დიმიტრის საპირისპირო დაჯგუფების დაპირისპირებას ემსხვერპლა გიორგი მამალაძე.

არის რამდენიმე დაჯგუფება, მათ შორის იაკობის დაჯგუფება, მეუფე დიმიტრის დაჯგუფება, რომლებსაც საპატრიარქოში ორი ძირითადი დასაყრდენი ჰყავდათ და ეს იყო გიორგი მამალაძე და სოსო ოხანაშვილი. გიორგი მამალაძე დაკავებულია, სოსო ოხანაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის.

როდესაც შენ [მეუფე დიმიტრი] გამო ხდება ეს ყველაფერი და როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეუბნებიან : „ის [მეუფე დიმიტრი] თუ დამნაშავეა დაადე ხელი და შენ გამოგიშვებთ“ და ამ დროს მამალაძე ციხეშია იმის გამო, რომ უკადრებელს არ კადრულობს და ამის ფონზე შენ არაფერს აკეთებ...“- განაცხადა ფანცულაიამ.

კითხვაზე, ვის ინტერესი შედიოდა დეკანოზის ციხეში ყოფნა, ადვოკატი აცხადებს, რომ „საპატრიარქოს შიდა ინტრიგების“.

„იქ [საპატრიარქო] არის რამდენიმე დაჯგუფება: პრორუსული დაჯგუფება და შედარებით ნეიტრალური დაჯგუფება. ასეთ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას შეეწირა. შეიძლება გიორგი მამალაძე არ წარმოადგენდა გადამწყვეტ როლს რომელიმე დაჯგუფებაში, მაგრამ მამალაძის და ოხანაშვილის განეიტრალებით, ის პიროვნებები შეასუსტეს, რომლებიც გავლენის მატარებლები იყვნენ, ერთ-ერთი ასეთი იყო მეუფე დიმიტრი.

ის ისე გამოვიდა ციხიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება და 7 წელია გადაწყვეტილებას ველოდებით. სასამართლო წლებია სათათბირო ოთახშია გასული“,- განაცხადა ფანცულაიამ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. „უდოს“ საფუძველზე 14 თებერვალს გათავისუფლდა. დეკანოზს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.