ეპითეტების ვარსკვლავთცვენა იყო. ავადმყოფურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ბულინგის მცდელობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციის მცდელობამ ფიასკო განიცადა და რადიკალურმა ოპოზიციამ საბოლოოდ რესურსი ამოწურა. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ რადიკალიზაციის მცდელობები ჩვენი ფეხბურთელების, ისტორიის დამწერლების გმირობამ გადაფარა.
„იმდენად გადაფარა მათი ეს ჭიქაში დატრიალებული ქარიშხალი, რომ უკვე ზიზღი გაუჩნდათ. იგივე მოხდა იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენის ფაქტზეც. მათ მედიასაშუალებებში ეს ფაქტი რელიგიური, ღირებულების კონტექსტიდან არის დაცლილი - ბიძინა ივანიშვილმა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი იყიდა, თითქოს, დეფის ხელნაწერი იყიდა! ანუ, აუფასურებენ. თუ რაიმე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული, ცდილობენ, რომ გააუფასურონ.
ადამიანს ახლა აბულინგებენ, რომ გაჩუქა, ეს ხომ საშინლად არ მოგწონს და მადლობა როგორ გადაუხადეო?! ეს იმითაა გამოწვეული, რომ თემა გადაიფარა - ეს კიდევ ვერ დაახურდავეს თავიანთ ავადმყოფ თავებში. ეგ არის ბულინგის ერთ-ერთი მიზეზთაგანი“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა.