სრულიად კომიკური და სასაცილო ამბავია ეს, მერამდენედ ხდება და მერამდენე წრეზე არიან უკვე, სათვალავი აგვერია და, საერთოდ, ვის სჯერა ამათი გაერთიანების ან ვის სჯეროდა ამათი დაშლის? – ასე უპასუხა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ახლად შექმნილი ოპოზიციური ალიანსის მომავალს, რადგან ცხრა პოლიტიკურმა ძალამ გამოაქვეყნა ახალი სტრატეგია და გეგმა, რაც ითვალისწინებს ორთვიან ეროვნული მობილიზაციის კამპანიას და შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური აქციის გამართვას?
„საერთოდ, როდის დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“, თუ არის ცნობილი? მეორეც, როდესაც ამბობ, რომ შენ ხარ პოლიტიკური ძალა, ეს აბსოლუტურად სხვა შეფასებაა და სხვა დეფინიციაა, როდესაც შენ არ ხარ ჩართული პოლიტიკურ პროცესში, არ ხარ წარმოდგენილი პარლამენტში, არ ხარ წარმოდგენილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და როდესაც საერთოდ არანაირი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ბერკეტები არ გაგაჩნია, რაც უნდა გქონდეს, როგორც პოლიტიკურ პარტიას. რატომ არ გაგაჩნია? იმიტომ, რომ შენ უარი უთხარი თავის დროზე შენს ამომრჩეველს; მათ უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს. არ შემოვიდნენ პარლამენტში და არიან ახლა ქუჩაში. აი, რატომ არიან და თუნდაც ახლა, მაგალითად, გუშინ თუ გუშინწინ, როცა იყო ეს ამბავი, რომ თქვეს, რომ გაერთიანდნენ და რაღაცას აპირებენ, რატომ გაერთიანდნენ? არჩევნებია მომდგარი თუ რა? არაფერი აბსოლუტურად. ანუ, არაფრისგან გაერთიანდნენ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ მიმდინარე წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, რაზეც ცალკეული პოლიტიკური ძალები გამოთქვამენ ეჭვს, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს სრული აბსურდია დღევანდელ მოცემულობაში.
„ეს ერთი; და მეორე, მათი გაერთიანება საეჭვოდ, და არცთუ ისე საეჭვოდ, ემთხვევა იმ მათი პატრონების მიერ წამოწყებულ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის პროცესს, რომელიც წამოიწყეს, რომ გარედან მომხდარიყო მხარდაჭერა ამ ძალების და შემდგომში მათ უნდა ჰქონოდათ ამ რაღაც ე.წ. გაერთიანების მიზეზი. როდესაც ერთიანდები, რაღაც იდეის ან იმ ინიციატივის ირგვლივ უნდა გაერთიანდე, ხომ? ასე მესმის მე გაერთიანება. ხელისუფლების შეცვლის გზა არის მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა. როდესაც შენ 26 მაისს, მაშინ, როდესაც ქვეყნის დამოკიდებლობის დღე აღინიშნება, როდესაც ერის ერთიანობის დეკლარირება ხდება, საზეიმო განწყობაა ქვეყანაში და შენ მაშინ აანონსებ ამ აქციას, ესე იგი, მათი ერთადერთი გზა არის ძალადობა, როგორც აქამდე იყო. მათი სტილი, მათი მიდგომები და მათი დამოკიდებულება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.







