დროა, ბატონმა ზურაბ ჩხაიძემ პოლიტიკური coming out გააკეთოს, - ასე გამოეხმაურა „მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების“ შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის კომენტარს, რომ გიორგი ჩალაძემ იცრუა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტების არ არსებობის შესახებ.

„პირველ რიგში, რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, ბატონმა ზურაბმა თავის ჩვეულ ჭრილში საქმე გადაიყვანა ჭორაობაზე. სამწუხარო არის ის, რომ „რუსთავი 2“- მა ვერ მოახერხა მომენტალურად ექსპერიმენტის განხორციელება. ჩემი „ლაივი“ ნანახი ექნება ყველას, ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს იმ წუთას და არა მომზადების შემდეგ, დილით. საუბარი არის, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი არ არის მათთვისაც კი მაშინ, როცა ეს გამოვაცხადე არა დილაუთენია. საერთოდ, რომ დოკუმენტები არ არსებობს, არსად არ თქმულა და ეს არის უგუნურება, პრიმიტიული მცდელობა, გადაიყვანოს სხვა თემაზე საუბარი. დოკუმენტები არსებობს, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, კონტროლდება სუს-ის მიერ. მე მესმის, რომ ბატონი ზურაბი არის ახალი, დამწყები პოლიტიკოსი და ძალიან უჭირს სწორი სიტყვების მოძიება ექიმობიდან, მაგრამ მე მგონია, რომ დრო მოვიდა მისი პოლიტიკური coming out გააკეთოს“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.