„ქართული ოცნება“ და მისი ახალგაზრდული ორგანიზაცია არის იდეა. იდეა, რომელსაც თითოეული თქვენგანი ემსახურებოდა, ემსახურება და მჯერა, მომავალშიც ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა დამსწრე სტუმრებს და განვლილი წლები შეაფასა.

„მივესალმები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, პარტიის გენერალურ მდივანს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს. მივესალმები ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წარმომადგენელსა და ყრილობის დელეგატებს. განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩვენს მეგობარს, ცოტნე ივანიშვილს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. გუშინდელი დღესავით მახსოვს 2016 წლის 26 ივნისი – დღე, როდესაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირჩიეთ. 14 წელი გადის მას შემდეგ, რაც 2012 წლის 21 აპრილს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ დააფუძნა, ხოლო ათი წელი სრულდება, რაც ახალგაზრდული ორგანიზაცია ამ ფორმით ჩამოყალიბდა. მანამდე იყო ახალგაზრდული მოძრაობა. ამ პერიოდში გულანთებულ ადამიანებთან ერთად უამრავი რამ გამოვიარეთ. „ქართული ოცნება“ და მისი ახალგაზრდული ორგანიზაცია არის იდეა. იდეა, რომელსაც თითოეული თქვენგანი ემსახურებოდა, ემსახურება და მჯერა, მომავალშიც ასე გაგრძელდება. მონაწილეობა მივიღეთ შვიდ საყოველთაო და სამ შუალედურ არჩევნებში. განვახორციელეთ არაერთი პროექტი. საქართველოში უდიდეს ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჰყავს 10 000-ზე მეტი წევრი და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

როგორც ჩაკვეტაძემ აღნიშნა, ორგანიზაციის სტრუქტურა გამართულია და წლიდან წლამდე უამრავი ახალგაზრდა უერთდება. მისივე თქმით, ახალი თაობის ხმა ისმის თითოეულ რეგიონსა და მუნიციპალიტეტში – საკრებულოებსა და პარლამენტში.

ჩაკვეტაძის განცხადებით, მთელი ცხოვრება იამაყებს იმით, რა შედეგებიც ორგანიზაციამ აჩვენა.

ამასთან, გიორგი ჩაკვეტაძემ სიტყვით გამოსვლისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„განხორციელებული უამრავი პროექტიდან გავიხსენებ სამ დიდ აქტივობას: ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ ახალგაზრდულ კვირეულს; მოხალისე StopCOVID-19-ის ახალგაზრდულ პლატფორმასა და 2020 წლის შემდეგ თითოეულ არჩევნებზე ჩატარებულ ახალგაზრდულ კამპანიას. უმნიშვნელოვანესია ის საკანონმდებლო და სამთავრობო ინიციატივები, რომლითაც თანატოლების ყოველდღიურობა გავაუმჯობესეთ. აქედან მხოლოდ სამ მათგანს გამოვყოფ: მუნიციპალიტეტებში დანერგილი ახალგაზრდული პოლიტიკა; საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა; უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება და განათლების ხარისხი არსებითად უმჯობესდება. იქნებოდა სტიქია, თუ ზეიმი, თქვენთან ერთად ვიდექით იქ, სადაც ჩვენს სამშობლოსა და ახალგაზრდებს სჭირდებოდა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული. როგორც ლეგენდარული გოგი ცაბაძის სიმღერის ტექსტშია, ჩვენი საქართველო აქ არის. დიახ, ეს ასეა. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ, ახალგაზრდულ ორგანიზაციას კიდევ უფრო განავითარებს. ვრჩები ამ ორგანიზაციის დიდ გულშემატკივრად და საპარლამენტო ტრიბუნიდან გავაგრძელებ ახალგაზრდების მხარდაჭერას.

განვლილმა ათმა წელმა მასწავლა, რომ მონდომებით ნებისმიერი მიზანი მიიღწევა. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩემს გუნდს, ოჯახსა და მეგობრებს წლების განმავლობაში მუდმივად მხარდამხარ დგომისთვის. მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, შალვა პაპუაშვილს, მამუკა მდინარაძესა და გუნდის თითოეულ ლიდერს ნდობისა და უწყვეტი მხარდაჭერისთვის. მადლობა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ჩემს წინამორბედებს: ირაკლი გვილავასა და გიორგი არეშიძეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებულ 2012 წლის გამარჯვებას დღესაც დაცვა სჭირდება. მაშინ, როდესაც საქართველოში არის მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფო ვითარდება, ახალგაზრდულ ჟინსა და ენერგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მჯერა, თქვენთან ერთად ჩვენს სამშობლოს კიდევ არაერთი გამარჯვება ელოდება წინ. ბევრ წარმატებას ვუსურვებ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარესა და გამგეობას“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს.

აღნიშნულ პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.