განცხადება, რომელიც გაავრცელა საელჩომ, სრულად ამხელს იმ ტყუილს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა ტელევიზიებმა დღეს და გუშინ საღამოსაც იკადრეს, ფაქტობრივად, პირდაპირ მოიტყუეს საზოგადოების წინაშე და თქვეს, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან უარი ეთქვა ამერიკულ მხარეს, რომ საქართველოში აშშ-ის ბაზა გაიხსნას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.
„საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია და მოჭრილად უარყოფს ამ ინფორმაციას, ნებისმიერი ინტერპრეტაცია იქნება შეუძლებელი. რა თქმა უნდა, მსგავს მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია. ეს კი არის „ნაცმოძრაობის“ და ზოგადად კოლექტიური „ნაცების“ სახე, როცა საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან, ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. თან ისეთი წყაროები ჰქონდათ, როდესაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თავიდანვე ალბათ საზოგადოებისთვის არ იქნებოდა დამაჯერებელი, თუმცა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ ტოვებს – მსგავს მოლაპარაკებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ვერავის მხრიდან ვერ ეთქმებოდა უარი აშშ-ს რომ საქართველოში გაეხსნა ბაზა. თუმცა, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ხალხი, რომლებმაც რუსული ბაზები დააბრუნეს საქართველოში, ომის დროს ყველაფერი იკადრეს, ჩვენი გმირი სამხედროები მიატოვეს ბრძოლის ველზე, დროებით, მაგრამ ჩააბარეს ასობით სოფელი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმს და დღემდე ყველაფერს კადრულობენ, რომ საქართველოს არ მიეცეს მშვიდობიანი განვითარების საშუალება. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა, ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს. თითოეულ არჩევნებზე, რომელიც აქამდე იყო 2012 წლიდან, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება 2024 წელსაც“ – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.