საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს.
შეხვედრაზე, გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული გამოწვევები განიხილა. მათ შორის – პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების, ავტორიზაციის კუთხით უნივერსიტეტების მზაობის, დისტანციური განათლების რეგულირებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საკითხები.
მინისტრმა, კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, შეხვედრისას განხილული საკითხების გადაჭრის გზებზეც იმსჯელა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
თავის მხრივ, რექტორებმა, საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის ინიციატივით, რექტორთა კონფერენციები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება.