გიგი უგულავა: პოზნერი რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეცაა და აფხაზეთში მაღალი ალბათობით რუსული პასპორტით აქვს ნამოგზაურები

1617267334
"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობის გამო გნავითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში Facebook ეხმიანება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილი მატყუარაა, როცა ამბობს მიუღებელია კომენდანტის საათის დარღვევაო.
"ეს უტიფარი ღარიბაშვილი და მისი ამალა ხაზს რომ უსვამს ამერიკის მოქალაქეა პოზნერი და ამერიკის პასპორტით შემოვიდა ქვეყანაშიო. პოზნერი რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეცაა და აფხაზეთში მაღალი ალბათობით რუსული პასპორტით აქვს ნამოგზაურები. სახელმწიფო მოვალეა ეს გადაამოწმოს. ღარიბაშვილი მატყუარაა, როცა ამბობს მიუღებელია კომენდანტის საათის დარღვევაო. პოლიციის ესკორტი მიაცილებდა "სტუმრებს" სუფრამდე კომენდანტის საათის დროს. სასტუმრო ვინოტელი დაჯარიმდა მას შემდეგ როცა ელენე ხოშტარიამ შრომის ინსპექცია იძულებით გამოიძახა. მოკლედ, სულ აიბლანდნენ თავიანთ ტყუილებში", - წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.
„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული.
აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმა.