დღეს ივანიშვილმა ლილუაშვილის ხელით ჩაიდინა საქართველოს ისტორიაში სრულიად უპრეცედენტო რამ - პოლიტიკურად, გამიზნულად არ შემოუშვა ქვეყანაში აშშ მოქალაქე - ეს უკვე ღალატის მომაკვდინებელი ფაზაა, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს.

„დღეს ივანიშვილმა ლილუაშვილის ხელით ჩაიდინა საქართველოს ისტორიაში სრულიად უპრეცედენტო რამ - პოლიტიკურად, გამიზნულად არ შემოუშვა ქვეყანაში აშშ მოქალაქე. უარესი! დადგეს სპექტაკლი - ნდობის ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში, რის შემდეგ მარად უტყვი ლილუაშვილი პასუხობს სახელისუფლებო ტელევიზიის დასმულ შეკითხვას. ამით, თავის ჭკუით, პასუხი გასცეს აშშ გუშინდელ მოსამართლეთა კლანის დასანქცირებას.

ეს უკვე ღალატის მომაკვდინებელი ფაზაა!

ესაა უკვე ბელარუსი!“, - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამერიკის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს, რადგან ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა „მაღალი სანდოობის წყაროებს".