ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ დავუჯერებთ იაფფასიან პროპაგანდას, რომ ჩვენ შეიძლება ადამიანი ციხეში მოვკლათ და ხვალ ევროპაში მიგვიღონ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დღეს საქართველოში არის ერთადერთი საკითხი - ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რათა საქართველოში არ მოხდეს ფატალური უბედურება, რომელიც შეიძლება გულუბრყვილოდ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ამომრჩევლების პრობლემაა, მაგრამ სინამდვილეში ტყვეობაში და ციხეში მომაკვდავი მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის, მისი ისტორიის და მომავლის პრობლემაა. ვინც ამას ვერ გრძნობს, ის ან შეგნებული მატყუარაა, ან უბრალოდ არ იცნობს ამ ქვეყნის ისტორიას. სადღესასწაულო დღეს არაფერი გვაქვს, ეს ქვეყნის პრობლემაა, ეს ქვეყნის ევროპული მომავლის პრობლემაა და არავინ არ მოგვატყუოს, რომ რაღაც პუნქტების შესრულებით გადაწყდება საქართველოს ევროკავშირის წევრობის საკითხი. საქართველოს ევროკავშირის წევრობის საკითხი გადაწყდება პირველ რიგში პოლიტპატიმრების და განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხით, რადგან ეს უკვე ჰუმანიტარული საკითხია. ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ დავუჯერებთ ამ იაფფასიან პროპაგანდას, რომ ჩვენ შეიძლება ადამიანი ციხეში მოვკლათ და ხვალ ევროპაში მიგვიღონ - ვისაც ამის სჯერა, ის ამ ქვეყნის შეგნებული მტერია. ამიტომ ყველა ღონისძიება, რომელიც აქეთ (მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ) იქნება მიმართული უნდა იყოს სრული კონსოლიდაციის საგანი. მე კარგად მესმის ადამიანების იმედგაცრუება თითქოს ენერგია გვაქვს დაკარგული, თითქოს იმედი გვაქვს დაკარგული, თითქოს გათითოკაცებულია ყველა და ამას დაემატა ის ჭრილობები, რომელიც ბუნებრივია, არჩევნებმა გამოიწვია. შიდა არჩევნები, სამწუხაროდ, ყოველთვის ასეთია. შიდა არჩევნები ყოველთვის იწვევს ჭრილობებს, მაგრამ პოლიტიკური სიმწიფე, საერთო ღირებულებები და ქვეყნის სიყვარული, უნდა გვაიძულებდეს, რომ ეს ჭრილობა რაც შეიძლება მალე შეხორცდეს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და დავასრულოთ ბრძოლა საქართველოს რუსიფიკაციის წინააღმდეგ“, - აღნიშნა უგულავამ.