პარტია "ფედერალისტების" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია "გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის" ზურა ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ზურა ჯაფარიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია.

ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური პატიმარია. ივანიშვილის  რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, არამარტო ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, არამედ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები სასამართლოში, რომელიც მომავალში გამორიცხავს სასამართლოში და მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში ასეთი სამარცხვინო ნაბიჯების
გადადგმის შესაძლებლობას ნებისმიერი ხელისუფლებისთვის" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000 ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 16 აპრილის  ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.