ევროპული საქართველოს ლიდერებმა და წევრებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივის მიაგეს.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„30 წლის წინ რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია და შემდეგ მოაწყო გენოციდი აფხაზეთში. სამწუხაროდ მაშინ ბევრი ფაქტორის გამო ძირითადად ეს შეფასდა ეთნიკურ კონფლიქტად, რაც რუსეთის ინტერესებში შედიოდა.

ეს იყო უსამართლობა მსხვერპლის მიმართ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო მიდგომა, რომელიც იყო დამკვიდრებული. დღეს დაგვიანებით, თუმცა მაინც, როცა თავისუფალი სამყაროს პოზიცია ამ ბოროტების მანქანის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეიცვალა და მყარი ხდება, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ სიმართლე დაგვიანებით მაინც გაიტანოს“ - თქვა გიგა ბოკერიამ

მისივე თქმით, გენოციდის აღიარება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და თავისუფლების ნაწილია.

„ჩვენი დამატებითი გამოწვევაა, რომ დღეს არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ეროვნულ ინტერესს გაატარებდა, თუმცა სანამ ამ უზარმაზარ პრობლემას მოვაგვარებთ დემოკრატიული გზით, მანამდე საზოგადოებრივი ჯგუფების მოვალეობაა, რომ ყველაფერი გააკეთონ ამ მიმართულებით.

სწორედ ამიტომ, ევროპულ საქართველოს, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე ერთ წელზე მეტია გვაქვს გენოციდის აღიარების კამპანია, რათა შეგროვდეს მონაცემები საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად და ქვეყნის შიგნით საკუთარ თავს შევახსენოთ, თუ რას ნიშნავდა რუსეთთან პირისპირ დარჩენა მაშინაც, როდესაც  არც ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების საკითხი არ იდგა, თუმცა დასუსტებულმა რუსეთმა გადაგვიარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასამხობად“ - აღნიშნა ბოკერიამ

გიგა ბოკერიამ საზოგადოებას დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან  ჩანიშნულ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა.

„პარლამენტის წინ გვექნება ყველა იმ მონაცემის წარმოდგენა, რაც დამატებით შეგროვდა ღია წყაროებით. ასევე წარმოგიდგენთ კონკრეტულ სამხედრო დამნაშავეებს რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული ნაწილებიდან და სხვა მტკიცებულებებს, რომ ეს იყო გენოციდი და ეთნიკური წმენდა. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეს ისედაც ვიცით, თუმცა ჩვენ გვჭირდება ამ ამბის გამყარება და როცა გვეყოლება ნორმალური, არაპუტინისტური სულისკვეთების ხელისუფლება, ეს ჩვენი საერთაშორისო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს“ - თქვა გიგა ბოკერიამ