საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ საბოტაჟი არ იყოს და ცესკო-ში გადაწყვეტილების მიღება 2/3-ით ხდებოდეს, რაც განაპირობებს იმას, რომ ყველა პარტია გადაწყვეტილებებს ძირითადად ეთანხმება, მაგრამ ტექნიკური გადაწყვეტილებებიდან დაწყებული შემაჯამებელ ოქმით დამთავრებული გადაწყვეტილების მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა, რადგან საბოტაჟის პოლიტიკას დაექვემდებარებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ვინც ქვეყნის ნგრევას მხარს უჭერს, ის ყოველთვის იმას მოიმიზეზებს, რომ 2/3-ით უნდა წყდებოდეს საკითხები ცესკო-ში.

„საბოტაჟის უშველებელი რესურსი იმ პოლიტიკურ სუბიექტებს გადაეცემა, რომლებიც სწორედ იმისკენ ისწრაფვიან, რომ როგორმე ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდეს, მათ შორის ცესკო-ში. სხვა მხრივ, ცესკო-ს მიმართ კითხვა არ ყოფილა, მისი თავმჯდომარიდან დაწყებული, რიგითი წევრით დამთავრებული, მისი შემადგენლობა შეფასებულია უმაღლეს დონეზე. ცესკო-ს დისკრედიტაცია ამოცანაა, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მიზანია – საქართველოში რევოლუციური პროცესის განვითარება და რასაკვირველია, ცესკო ერთ-ერთი სამიზნეა. ფიზიკურად ვერ დაანგრიეს, გახსოვთ, მაშინ აქტიური მელია იყო? მაგრამ ის ჩადენილი უკანონობის გამო პასუხისგებაშიც მიეცა. ცესკო მაშინაც მართალი აღმოჩნდა და პარალელური დათვლა „ისფედმა“ გააყალბა. აღმოჩნდა, მაშინაც მართალი იყო და მით უმეტეს, ახლაც მართალია. არჩევნების გაყალბების არანაირი რესურსი არ არსებობს. გადამოწნებულია უბნები და იმაზე მეტად, ვიდრე კანონით განსაზღვრულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.