თავისუფალია ხელოვნება, აბა რა! - სად ნახეთ დატყვევება?  - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

„თავისუფალია ხელოვნება, აბა, რა! და საპირისპირო რა ხდება?! სად ნახეთ დატყვევება? მაგალითი მოიყვანოს ვინმემ, ერთი მაინც. სხვა რამეშია საქმე. კარგი გამოფენები გაკეთდა, კარგი აქციები ჩატარდა, ბევრი პოზიტივიაო ვიღაცამ იფიქრა, ე, მანდ მშვიდობიანი გარემო არ შეიქმნას მაგ სფეროშიო და მოიფიქრეს აქცია -პერპორმანსი”,- წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ:  ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით ეროვნულ გალერეასთან დღეს აქცია - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ ჩატარდა.