კაია კალასმა გადაწყვიტა, ასეთი პრიმიტიული ფორმულით მოახდინოს პროპაგანდისტური ეფექტი იმ ხალხზე, ვინც ამას უსმენს. საკმაოდ სუსტი პოზიცია აქვს, რადგან ამერიკის პოზიცია ევროკავშირის მიმართ გაცილებით უფრო მრავალმხრივია და სერიოზულ პრეტენზიებს შეიცავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა კაია კალასის იმ განცხადებას, სადაც კალასი ამბობს: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“
ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული განცხადება „გულუბრყვილო ადამიანებზე პიარული სვლაა“.
„იმის თქმა, რომ ამერიკის მხრიდან ევროკავშირის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არაფერს ნიშნავს, რადგან ამერიკა ევროკავშირის წევრობას არ აპირებს, ეს პიარული სვლაა გულუბრყვილო ადამიანებზე, რადგან ამერიკის პრეტენზიები რეალურია და განხილული არ უნდა იყოს, როგორც შიდა საქმეებში ჩარევა. ამ პრეტენზიების რეალურობა საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას. ამ საკითხზე ჩვენი პრეტენზიებიც თუ იგივეა, ეს მტრობად არ უნდა ჩაითვალოს, კონსტრუქციულ კრიტიკად უნდა ჩაითვალოს. უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ გავლენა ვიქონიოთ ბრიუსელის დღევანდელ პოლიტიკაზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ ემთხვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა პოზიციებს. დონალდ ტრამპი არ არის მარტო, ვინც აკრიტიკებს, საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვთ ევროკავშირის შიგნით პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეების დიდ რაოდენობას. საჭიროა დიალოგი, რაზეც უარს გვეუბნებიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.




