სახელმწიფოში არანაირი შიში არ არსებობს. შიშს ის ადამიანებიც ვერ გრძნობენ, რომლებიც ყოველდღიურად დანაშაულს ჩადიან. ამ დანაშაულის სისტემაა შემუშავებული, ჩაიდინე დანაშაული, თითქოსდა ეს მოწოდებაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არა მხოლოდ მოწოდება ხდება, არამედ საქმიანობაც იქითკენ არის მიმართული, რომ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინონ, კანონს დაუპირისპირდნენ, კანონმა შესაბამისად იმოქმედოს, რათა იქნებ ამან მაინც მისცეთ საშუალება, რომ საპროტესტო აქცია იყოს დიდი.
„ასეთ აქციებს აანონსებენ, მაგრამ აქციის მოსამზადებლად საჭიროა ჯახის შექმნა, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღელვება უნდა განაპირობოს. ამ ატმოსფეროს შექმნაზე მუშაობენ, რათა 26 მაისს მომზადებულები შეხვდნენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გარეთ გამოიყვანონ, რასაც, წლებია, ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ, რადგან საზოგადოება გაცილებით უფრო უკეთ არის ინფორმირებული და ანალიზს უფრო უკეთ აკეთებს, ვიდრე ის ადამიანები, ვინც მუშაობენ გარედან მიღებულ შეკვეთებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტურია. სამწუხაროდ, ვერ ერკვევიან, საქართველოში რა ხდება. მარტა კოსმა არ იცის, საქართველო რას წარმოადგენს. 26 მაისი, 9 აპრილი, რომელიც გამაერთიანებელია, მათთვის კარგი ასპარეზია, რათა დაპირისპირება იყოს. სწორედ აქედან გამომდინარე შეარჩიეს 26 მაისიც. უნდათ, რომ მავნებლობის მეტი ხარისხი იყოს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ 26 მაისი ერთიანობის და ეროვნული თვითმყოფადობის დღეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.







