კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ღია ვართ იმისთვის, რომ გავცვალოთ აზრი ნებისმიერ ჩვენს პარტნიორთან, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ამ მხრივ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ობრაიენის მიერ გუშინ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ განცხადებებს გაუსვა ხაზი.
„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პრესკონფერენცია და მასზე გაჟღერებული გზავნილები რამდენიმე შეხვედრის შედეგი იყო, რომლებიც ბატონმა ობრაიენმა მთელი დღის განმავლობაში გამართა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოვყოფ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და შემდეგ გაიმართა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან. ეს ორი შეხვედრას საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.
იყო სხვა შეხვედრები, შესაბამისად, ჩვენი ამერიკელი კოლეგებიც ჩამოყალიბდნენ იმ მოსაზრებებში, რაც შემდეგ, საღამოს საათებში გახმოვანდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორთან, მით უმეტეს შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან დიალოგისთვის და კარგია, რომ ჩვენი კოლეგები შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან უკვე აწარმოებენ დიალოგს ხელისუფლებასთან, მმართველ პარტიასთან და საუბრობენ უკვე კანონმდებლობაზე, მის ცალკეულ დებულებებზე“, - მიიჩნევს ცაგარეიშვილი.