მოსამართლეების გამორჩევა არის ძალიან ცუდი საქმე და უხეში ჩარევა სასამართლო ხელისუფლების საქმეებში, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა „ვეტინგის“ მომხრე სამი მოსამართლე იტალიაში წაიყვანა.
დეპუტატის თქმით, უფრო თავზარდამცემად გამოიყურება, როდესაც „ე.წ.უცხოელი პარტნიორები“ არჩევენ რომელი მოსამართლე უნდა დატრენინგდეს, ვინ უნდა გაემგზავროს ევროპაში თუ შეერთებულ შტატებში და ვის უნდა აეკრძალოს ამგვარ ტრენინგებში მონაწილეობა.
„გარწმუნებთ, მოსამართლეების გამორჩევა ნამდვილად არ შეუწყობს ხელს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების გაჯანსაღებას. პირიქით, ეს ხელის შეშლაა. რეფორმები რამდენიმე ტალღად ჩატარდა. თუ ჩვენ ხელს არ შეგვიშლიან ამ რეფორმების გზაზე, იმისთვის, რომ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლებაში ბევრად უფრო გავაჯანსაღოთ, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი. მე მგონი პარტნიორული ურთიერთობა სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.