პოლიტოლოგ გია ნოდიას განცხადებით მას არ გაჰკვირვებია, რომ „იმედის“ ეთერში დღევანდელ დებატებში მონაწილეობაზე უამრავმა ადამიანმა უარი თქვა. გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საუბრისას მან განაცხადა, რომ ძნელი დასაჯერებელია, რომ დებატების ნება მართლაც არსებობს.

„მეც ძალიან ვიყოყმანე. ბევრ ჩემს ნაცნობს ალბათ ძალიან გაუკვირდა, მე რომ აქ ვარ. ორ ძირითად მიზეზს გეტყვით, რატომ არ მიკვირს, რომ ხალხი არ მოდის [დებატებზე] - ერთი, რომ ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ მართლა არსებობს რაღაც დებატების ნება, მრავალი წელია, იმედს დებატები არ ჰქონია, სამთავრობო ტელევიზიებს დებატები არ ჰქონიათ და არასამთავრობო ტელევიზიებშიც არავინ მიდის. დებატები ფორმალურად დემოკრატიული ფორმაა, მაგრამ ამ შემთხვევაში სადღაც, მთავრობის ზედა ეშელონებში რაღაც ჭანჭიკი გადატრიალდა და ჩათვალეს, მორი, მოვაწყოთ დებატები მთავრობის ჯიბის ტელევიზიაში, ბოდიში ამ გამოთქმისთვის. ცხადია, ეს თქვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა იმიტომ, რომ მანამდეც შეგეძლოთ, დებატები გქონოდათ. ნდობა იმისა, რომ აქ რაღაც დებატების სურვილი არის, რთულია და სამწუხაროდ, ეს ტელევიზია დისკრედიტირებულია”, - განაცხადა გია ნოდიამ.

დღევანდელ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვეს მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა.