26 მაისს რადიკალიზაციის მომხრე ვარ, მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება, მათ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგან და დარჩეს ქართველი ხალხის პირისპირ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა, გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიებმა არ უნდა აიღონ თავის თავზე ასეთი პროტესტი, ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს სახალხო პროტესტით.

„26 მაისს თუ გვექნება იმის რესურსი, რომ შევიკრიბებით, არ დავიშლებით და დავამთავრებთ „ქართულ ოცნებას“, სწორი იქნება. მორალურად მზად თუ არ ვარ, რომ იმ დღეს რაღაც რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ, მაშინ მოვემზადოთ მარათონისთვის და ხანგრძლივი პროცესისთვის – არ გინდა სპრინტი, მოემზადე მარათონისთვის. ორიდან ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ და ამ სტრატეგიით ვიაროთ. უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო წერტილი არის ამ რეჟიმის გადაგდება, რუსეთისგან გათავისუფლება და ამას სჭირდება მოთმინებაც, თავგანწირვაც, მსხვერპლიც თუ საჭირო იქნება. ასე იცხოვრეს ჩვენმა წინაპრებმა, ქართველმა ერმა თავისი იდენტობა ამით დაძლია, შექმნა და ამით მოვიდა დღევანდელ დღემდე. მგონია, რომ ეს ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ. პირადად მე 26 მაისს რადიკალიზაციის მომხრე ვარ. ვიკრიბებით? რატომ ვიშლებით? თუ ვართ ის რაოდენობა, რომ ამ ხელისუფლებას მართლა თავზარი დავცეთ, რატომ ვიშლებით? რატომ ვამბობთ, რომ არაფერი დავარღვიოთო?! არც არაფერს ვარღვევთ, ჩვენ ვიკრიბებით და ვიშლებით, რადგან ვიღლებით იქ დგომით? მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება, მათ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგან და ის უნდა დარჩეს ქართველი ხალხის პირისპირ. უნდა პირდაპირ მოვთხოვოთ, ან შენ ახლა ნიშნავ ახალ არჩევნებს და უშვებ პოლიტპატიმრებს ციხიდან, ან ეს არ დამთავრდება. რა არ უნდა დამთავრდეს, ეს იქ ადგილზეა მოსალაპარაკებელი. ეს არ არის არც ჩემი და არც სხვის მოსაწოდებელი, რადგან სახალხო პროტესტია. პარტიებმა არ უნდა აიღონ თავის თავზე ასეთი პროტესტი, მე რომ მოწოდებით გამოვიდე, დავამხოთ ხელისუფლება-თქო, ეს არის კვალიფიკაცია. ასეთი რაღაც არ უნდა ვთქვათ. ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს, მაგრამ უნდა დამთავრდეს სახალხო პროტესტით და არა ემოციური შეძახილებით“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, „ბევრია, ვინც განწყობილია ციხისთვისაც, სიკვდილისთვისაც, თავდადებისთვისაც“.

„ჩვენ თუ ბევრი ვართ, ვიკრიბებით, გაბრაზებულები ვართ და ვიცით, რა გვინდა, იქ აბსოლუტურად შესაძლებელია, ამ ყველაფრის დაორგანიზება. იმ დღეს, 26 მაისს და არ არის გადასადები. თუ ვატყობთ, რომ 26 მაისს ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება, მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გვეშინია ან მიგვაჩნია, რომ ეს მსხვერპლი არ ღირს ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ სხვას ვერ მოვუწოდებ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის და ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება, ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მე არავის ვესვრი, მაგრამ სხვის ნასროლ ტყვიას არ დავემალები. ამას ვუცხადებ თეა წულუკიანსაც, ბიძინა ივანიშვილსაც და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, წაგვართვას სამშობლო და მომავალი. მათ ეს უნდა ესმოდეთ, ჩვენ უკან დამხევი ხალხი არ ვართ. ბევრია, ვინც განწყობილია ციხისთვისაც, სიკვდილისთვისაც, თავდადებისთვისაც, ძალიან ბევრი ვართ ასეთი, ვინც ყველაფერზე წავალთ, ოღონდ საქართველოს მომავალი გადავარჩინოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.