ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებას, – ამის შესახებ გაერო-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა გაავრცელა.

განცხადება გავრცელდა უკრაინის, ალბანეთის, ანდორას, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბულგარეთის, კანადის, კოსტა-რიკის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფიჯის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტაინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მარშალის კუნძულების, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, მოლდოვას რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სახელით.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის „ახალ და საშინელ დონეს“ მიაღწია, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შეტევების გაძლიერებით.

„23-24 მაისის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული იერიში განახორციელეს. შეტევაში გამოყენებული იყო ასობით საჰაერო იარაღი, მათ შორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. კიევისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი თავდასხმა იყო. მძიმე დარტყმები მიიღო უკრაინის სხვა რეგიონებმაც, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე. გარდა ამისა, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციამ ქალაქ ბილა ცერკვას დაარტყა „ორეშნიკის” ბალისტიკური რაკეტით, რომელიც სპეციალურად ბირთვული ქობინების გადასატანად არის შექმნილი. რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის მქონე რაკეტების განმეორებითი გამოყენება მიუღებელ ესკალაციას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერებას და აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევაა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ, ასევე ხაზს ვუსვამთ კონკრეტული ჰუმანიტარული ზომების გადაუდებელ აუცილებლობას, მათ შორის სამხედრო ტყვეების სრულ გაცვლას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებას და ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ათასობით უკრაინელი ბავშვის, უსაფრთხო დაბრუნებას, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს ან დეპორტირებულნი არიან. ეს ნაბიჯები ნდობის აღდგენის აუცილებელი ზომებია მნიშვნელოვანი სამშვიდობო ძალისხმევის წინსვლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მძიმე დარღვევას და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი და უზრუნველყოს მისი ყველა ძალისა და სამხედრო ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიმართ. ყველა პასუხისმგებელი პირი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ნაწილების უკანონო ანექსიის მცდელობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით ბათილია.
ჩვენ მივესალმებით აშშ-ის, ევროპული ქვეყნებისა და სხვა წევრი სახელმწიფოების უწყვეტ ძალისხმევას, რომელიც ამ ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ჩვენ ერთიანები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, მივაღწიოთ უკრაინისთვის ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, გაერო-ს წესდების, მათ შორის სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად. ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის ბოლოდროინდელ მუქარებს კიევში მდებარე დიპლომატიური ინსტიტუტებისა და საელჩოების მიმართ. ეს არის ის, რასაც ვერ მივიღებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.