საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2025 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7076-დან 2.6988-მდე, ანუ 0.3%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 3.1297-დან 3.1596-მდე, ანუ 1.0%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის

ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6951 და 3.1737 შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7029 იყო, მინიმალური კი – 2.6951.

„დეკემბერში საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები თითქმის თანაბრად იყო გადახრილი. დეკემბერში, საშუალოდ დოლართან მიმართებაში, როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში, გაუფასურდა თურქული ლირა, ხოლო რუსული რუბლი და ევრო გამყარდა. თვიურ დონეზე მცირე გამყარებით ხასიათდებოდა ლარი და სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 3.5%-ით, თვის ჭრილში კი 0.9%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, დეკემბერში წლიურად 0.2%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი 0.3%-ით გაუფასურდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს.

„სავაჭრო პარტნიორთაგან დეკემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, ბელარუსში, რუსეთსა და აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში, აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – ნათქვამია ანგარიშში.