ეროვნული ბანკის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება შეეხება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში (და აქვე შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე აღარ არის), საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, სანქციების გავრცელება ხდება ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანის შემდეგ, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„საერთაშორისო სანქციების თვალსაზრისით რა მოთხოვნებიც არსებობს, იმას საქართველოს საბანკო სისტემა და ეროვნული ბანკი ზედმიწევნით ასრულებს. ამის შესახებ დასტური მივიღეთ აშშ-ის, ბრიტანეთის, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებისგან. ასე რომ, ამ მიმართულებით საქართველოს არავითარი ჩავარდნა არ აქვს. სანქცირებულ პირთან საბანკო ურთიერთობების განხორციელების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს სანქციები მათაც შეეხებათ. ეს საქართველოს შემთხვევა არ არის. ამ მიმართულებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და ამას არეგულირებს ჩვენი ინსტიტუციები, როგორიც არის - ეროვნული ბანკი, საბაჟო, სადაც წარმატებით ართმევენ თავს სანქცირებული ტვირთების შეჩერებას ჩვენს საზღვარზე და ა.შ. ასე რომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებაში ვერ ვხედავ რაიმე შემაშფოთებელს. დიახ, ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ეს ასე იქნება და ბუნებრივია, ეს ყველამ ვიცით. რა თქმა უნდა, ეს ასე არ უნდა მოხდეს. ყველა ინსტიტუცია იმისათვის უნდა იყოს მზად, რომ საერთაშორისო სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით რა ვალდებულებებიც აქვს საქართველოს, ის ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.
ასევე, დავძენ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება შეეხება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში (და აქვე შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე აღარ არის), საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, სანქციების გავრცელება ხდება ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანის შემდეგ. ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე იქნება დაცული, თუ ბრალდება უსაფუძვლოა. მაგრამ, თუ ბრალდება საფუძვლიანია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სანქციები განხორციელდება ნებისმიერი მოქალაქის მიმართ.“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.